პრეზერვატივების მწარმოებელი ქართული ბრენდის “აიისას” დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე სამართლებრივ ბრძოლას იწყებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფისა და ქართლის დედის გამოსახვასთან დაკავშირებით მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებენ. ამის შესახებ allnews.ge წერს.
“ნებისმიერი საკითხი არის ინდივიდუალური და სუბიექტური აღქმის ამბავი და რელიგიური გრძნობებიც ძალიან ბუნდოვანი საკითხია. არ არსებობს კონკრეტულად გაწერილი, რას ნიშნავს შეურაცხყოფა, ამიტომ საზოგადოების მეორე ნაწილისთვის, ეს ყველაფერი არის ძალიან მისაღები. კონკრეტულად იმ დიზაინებზე, რომლებმაც ყველაზე დიდი გაღიზიანება გამოიწვია, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ისინი გაყიდვიდან კი არ ამოვიღეთ, უბრალოდ ბესტსელერებია და თავისთავად ამოიყიდა. საპატრიარქოზეც და იმ ინდივიდებზეც, რომლებიც ჩვენს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, შემიძლია თქვა, რომ მეტი მიმღებლობა გამოიჩინონ, არ ჰქონდეთ აგრესიული და მუქარის შემცველი გამონათქვამები, იმიტომ რომ ყველა ასეთ შემთხვევას აუცილებლად სამართლებრივად განვიხილავთ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტებთან, სახალხო დამცველის აპარატსა და პერსონალური მონაცემების დაცვის აპარატთან ერთად ამ ყველაფერს ვაწესრიგებთ,” – განმარტა “აიისას” დამფუძნებელმა.
ანანია გაჩეჩილაძის თქმით, განსაკუთრებული გაღიზიანება თამარ მეფისა და ქართლის დედის გამოსახულებებმა საზოგადოებაში დამკვიდრებული პატრიარქალური შეხედულებების გამო გამოიწვია.
“იგივე კოლექციაში დავით აღმაშენებლის ბრძოლის და ბნელი რაინდის დიზაინიცაა, თუმცა, კაცებზე რეაქცია არ აქვთ, მხოლოდ ქალების მიმართ აქვთ პრეტენზია და ეს რა თქმა უნდა, პატრიარქალური საზოგადოების ბრალია,” – აღნიშნა მან.
“აიისა”-ს დამფუძნებლის თქმით, ამ სტიკერების მქონე პრეზერვატივები კოლექციას კიდევ დაემატება.