ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ ქვეყნების ელჩები დაიბარა, საიდანაც რუსი დიპლომატები გააძევეს

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ ქვეყნების ელჩები დაიბარა, საიდანაც რუსი დიპლომატები გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სამინისტროში დაბარებული არიან დიპლომატები, რომელთა ქვეყნებმა ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები გააძევეს.

„30 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებული არიან რუსეთში აკრედიტირებული უცხოური დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, რომელთა ქვეყნებმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგეს რუსეთთან მიმართებაში ე.წ. სკრიპალის საქმეზე დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად. მათ გადაეცემათ საპროტესტო ნოტები და ასევე განვუცხადებთ საპასუხო ზომებზე, რომელსაც მათ ქვეყნებთან მიმართებაში რუსეთი გადადგამს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით,  დიდ ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად, აშშ-მ, ავსტრალიამ, კანადამ და ევროპის ქვეყნებმა, თავიანთი ქვეყნებიდან 152 დიპლომატი გააძევა.

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს.

იტვირთბა....