სასამართლოდან “მეტრონომი”
”მე მივესალმები, რომ თუ დონაძე, მიქაძე და ეს ხალხი გირაოს ქვეშ არიან 6 წელია, რა თქმა უნდა, ბაქრაძეც უნდა ყოფილიყო”- ასე შეაფასა ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ ბრალდებულის, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზაზა ბაქრაძის გირაოთი გათავისუფლება.
მისი თქმით, მან ჩვენებისას 1 სიტყვა მაინც თქვა სიმართლე. ”მე რომ გამოვდიოდი ეგ ვუთხარი ზუსტად მიქაძეს. დღეს რასაც უარყოფს, ორმხრივი სროლის შემდეგ ჩემი შვილი რომ არ დაიღუპა ეს ხომ იცოდი-მეთქი? მოსულიყავი და გეთქვა-მეთქი. ესეც არ გააკეთეს. ჯერ ის გამაგებინონ ჩემი შვილის ავტომატი სად არის. ორი წელი რომ დევს და 4 მასრა. ამაზე გამცენ პასუხი და მერე დანარჩენზე ილაპარაკონ. 13 წელია ამაზე პასუხს ვერ მცემენ”- განაცხადა სოსო რობაქიძემ.
შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან დღეს სასამართლოს წინაშე ჩვენება მისცა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ მას აღკვეთი ღონისძიება გირაოთი შეცვლოდა, დააკმაყოფილა და ზაზა ბაქრაძე სასამართლო დარბაზიდან 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ავტორი: ნინი ცხადაია