ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილი: “მე რომ ყველაფერი გამეგო, ალბათ, ვუშველიდი ჩემს შვილს”

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატთან ერთად თბილისის პროკურატურაში იმყოფება. როგორც პროკურატურაში შესვლამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მას სრული უფლება აქვს იცოდეს, თუ რა მოხდა მის სახლში, როცა მძინარე შვილი მოუკლეს.  მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ყველამ იცის მისი შვილი როგორ უკანონოდ დახვრიტეს. ამიტომ მას უფლება ჰქონდა ყველაფერი სცოდნოდა იქ რა ხდებოდა.

“ ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი შვილი იმ ღამით უკანონოდ დახვრიტეს. თემირლანი საკუთარ საწოლში მძინარე მოკლეს. იმ ღამეს მე მქონდა ყველაფრის უფლება, რომ გამეგო რა ხდებოდა.  ვიყავი თავისუფლებააღკვეთილი,  ფაქტობრივად მძევლად ამიყვანეს. მე რომ ყველაფერი გამეგო, ალბათ, ვუშველიდი ჩემს შვილს. დროულად გადავიყვანდი ან რამე. არ დავუშვებდი იმ შეცდომებს, რაც მათ დაუშვეს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, დღეს მათთვის ცნობილი გახდება ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და მოხდება მაჩალიკაშვილის გამოკითხვა, თუ რა ხდებოდა რეალურად იმ ღამეს, როცა მაჩალიკაშვილების ოჯახში სპეცრაზმი შევიდა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....