შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, რეგისტრირებულია: 36 000- მდე აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;2 500 – ზე მეტი სტუდენტი საგრანტო კონკურსისათვის; 9 000 – მდე მაგისტრანტობის კანდიდატი; 17 000 – მდე აპლიკანტი მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს, რომ კიდევ ერთხელ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და ინსტრუქციას.
„აქვე შევახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ძირითადი რეგისტრაცია 30 მარტის 18:00 საათზე დასრულდება. საყურადღებოა, რომ ვინც ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდება, ის 2018 წლის საგამოცდო კონკურსში ვეღარ ჩაერთვება.
გამოცდებისათვის რეგისტრაცია 5 მარტს გამოცხადდა. ძირითად ეტაპზე პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითებაა აუცილებელი.
15 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის/საგნების შეცვლა ან დამატება. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე შეეძლება.
30 მარტის 18:00 საათზე შეწყდება აგრეთვე რეგისტრაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.