თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, 13 წლის ბავშვზე ძალადობის შესახებ დეტალები ვრცელდება. როგორც ბავშვის ოჯახის წევრი აცხადებს, დამნაშავეს ბავშვი ლიფტში ჰყავდა დაჭერილი, მისივე ინფორმაციით, არასრულწლოვანს თვალებიდან სისხლი სდიოდა.
“სისხლიანი იყო, თვალებზე აფარებული ჰქონდა ხელები და სახეზე სისხლი ჰქონდა. სკოლიდან მოდიოდა , ვკვდები ბებო, მშვიდობითო, მეძახდა. დაბრმავებული ბავშვი ხელებში ჩამივარდა. დამნაშავე დაიჭირეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ლიფტში დაუჭერია და ლიფტი გაუჩერებია, ბავშვი 13 წლისაა, მერვე კლასშია, ტვინის შერყევა აქვს, ოღონდაც დაბრმავებული არ იყოს, თვალებიდან სისხლი სდიოდა”, – აცხადებს მოზარდის ბებია ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში.
როგორც იაშვილის კლინიკის ექიმმა აღნიშნა, ბავშვს მხედველობა მარჯვენა თვალში დაქვეითებული აქვს და კლინიკური ტვინის შერყევა აღენიშნება.
“კონტაქტურია ბავშვი, ამჟამად უტარდება კვლევები. აღენიშნება ტვინის შერყევის კლინიკური ნიშნები. მხედველობა მარჯვენა თვალში დაქვეითებულია, კვლევების შემდეგ გადაწყდება პაციენტი მოთავსდება ჩვენთან თუ გადავა თვალის სპეციალიზებულ კლინიკაში”, – აცხადებს ექიმი.
შეგახსენებთ, გუშინ, პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ. ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს.