საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელის მიხედვითაც ქვეყანა რუს დიპლომატს აძევებს, ოპოზიცია ეხმაურება. “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ჯობდა ყოფილიყო უფრო ადრე, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”.
„ეს არის შედეგი იმ საზოგადოებრივი აზრის, რომელიც არსებობს დღეს საქართველოში. ეს არის სწორი ნაბიჯი. ახლა მთავარია, რომ ჩვენი მთავრობა, რომელიც აქამდე იყო არათანმიმდევრული ამ საკითხებში, რასაც ის საზიანო და მავნებლური წერილი ადასტურებს, დღეიდან მაინც აღარ დაუბრუნდეს იმ გზას, რომ რუსეთთან ენის მოჩლექვით ლაპარაკით შეიძლება ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინ წაწევა და არ დაუბრუნდეს იმ გზას, რომ ჩვენი საზოგადოება დააშინოს ომის შიშით“- აცხადებს გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.
ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს.
ამ დროისთვის, რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლოდვამ და უკრაინამ. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, სიეტლში კი რუსეთის საკონსულო დაიხურება.