გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებზე ქართული მხარე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ისაუბრებს – ინფრომაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:
“2018 წლის 28 მარტს, ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების ინიციატივით, გაიმართება ღია დებატები თემაზე: “Collective Action to Improve UN Peacekeeping Operations’ – Supporting greater impact and performance in today’s complex and high-risk environments”.
დებატების მიზანი გაეროს სამშვიდობო ოპერაციების ეფექტიანობის ამაღლებისა და ამ კუთხით, პროცესის ყველა მონაწილის (მისიების მასპინძელი ქვეყნები, რეგიონული ორგანიზაციები, უშიშროების საბჭო, წევრი ქვეყნები, მათ შორის, ქვეყნები, რომელთა სამხედრო და საპოლიციო შენაერთები მონაწილეობენ გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში, და გაეროს სამდივნო) ჩართულობის გაუმჯობესების შესაძლო გზების განხილვაა.
ღია დებატებში მონაწილეობას მიიღებს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა. ქართული მხარე თავის გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს გლობალური უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის გაეროს სამშვიდობო ოპერაციების მნიშვნელობასა და დღევანდელი გამოწვევების გამკლავების მიზნით სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდება სამშვიდობო ოპერაციებისათვის ცხადად განსაზღვრული, რეალისტური და კონტექსტისათვის შესაბამისი მანდატების მნიშვნელობაზე.
ამ კუთხით საქართველო ისაუბრებს თავისი გამოცდილების შესახებ, როდესაც 2009 წელს საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიას (UNOMIG) მანდატი შეწყდა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის – რუსეთის – ვეტოს გამო, რამაც გაეროს ისტორიაში ძალიან საშიში პრეცედენტი შექმნა. განცხადებაში ყურადღება ასევე გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, ქართული მხარე ისაუბრებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.” ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.