საგარეო საქმეთა მინისტრი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით დონდუამ შესაძლოა საბერძნეთში ელჩის თანამდებობა დაიკავოს. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნულ ინფორმაციას „ცრუ ინფორმაცია“ უწოდა.
მიხეილ ჯანელიძემ კომენტარი გააკეთა ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით დოკუმენტზეც, რომელზეც ამ წუთებში ჟენევაში მოლაპარაკებები იმართება.
„უკვე გაკეთდა საკმარისი განმარტებები საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. დღეს ჩვენი დელეგაცია არის ჟენევაში მორიგ რაუნდზე, სადაც ეს საკითხი განიხილება. ჩვენ უნდა დაველოდოთ რაუნდის დასრულებას და შემდეგ უკვე ჩვენი დელეგაცია შესაბამის განცხადებას გააკეთებს,“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ქართული მხარე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებებზე კომპრომისზე წავიდეს. სანაცვლოდ კი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით დონდუამ საბერძნეთში დიპლომატიურ სამსახურში განაგრძოს მუშაობა.