ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტზე იმსჯელებენ

ბორჯომის საკრებულოსთან ამ წუთებში ხმაურია. საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. ბორჯომის საკრებულო ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება – დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ. ბორჯომის საკრებულოს სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებაში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს ადანაშაულებს. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა.

როგორც ჩაჩანიძე ამბობს, ინაშვილი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც საკრებულოს უმრავლესობამ „ქართულ ოცნებას“ ფრაქციები არ დაურეგისტრირა და მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატები „პატრიოტთა ალიანსთან“ გარიგებას უარყოფენ.

თუ ახალი თავმჯდომარის არჩევისთვის კანდიდატმა 15 ხმა ვერ მოიპოვა, შესაძლოა ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ბორჯომის საკრებულოში “პატრიოტებს” 11, “ქართულ ოცნებას” 13, “ნაციონალურ მოძრაობას” 2, “ევროპულ საქართველოს” 1, “ლეიბორისტულ პარტიას” 1 წევრი ჰყავს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. ამ საკითხზე საჭირო ხელმოწერები დეპუტატებმა საკრებულოს 21 მარტს წარუდგინეს. 15 ხელმომწერიდან 13 ქართული ოცნების წარმომადგენელია, 2 კი პატრიოტთა ალიანსის. ამავე პარტიის წევრია საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.

ბორჯომში დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს.

ბორჯომის საკრებულომ გასულ კვირას მეექვსედ უთხრა უარი მუნიციპალიტეტის მერიას მერის მოადგილეების და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების გაზრდაზე, შესაბამისად, არც ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა.

იტვირთბა....