ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მედიის წარმომადგენლების ბრიფინგი: “ვთხოვთ პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს მამუკა ბერძენიშვილი”

“ვთხოვთ პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს მამუკა ბერძენიშვილი”- ამის შესახებ დღეს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან პირველი არხის ყოფილი მონტაჟის რეჟისორის, მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერ აქციაზე მისმა დამ, მარიამ ბერძენიშვილმა “მეტრონომს” განუცხადა.

ცოტა ხნის წინ, მამუკა ბერძენიშვილს 2 გრამი კლუბური ნარკოტიკის შეძენა/შენახვა/პირადი მოხმარების ბრალდებით 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მარიამ ბერძენიშვილის თქმით, გროვდება ხელმოწერები, რომელსაც პეტიციის სახე მიეცემა.

“დღეს გაჟღერდა ორი მთავარი მესიჯი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მხრიდან. პირველი არის ის, რომ  ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს და კანონმდებლებს, რაც შეიძლება მალე განახორციელონ ცვლილებები ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონში, ვინაიდან ათასობით ადამიანი არაადეკვატური სასჯელებით იხდის სასჯელს პენიტენციალურ დაწესებულებაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს მუხლი ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვა განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება, თუნდაც მილიგრამებზე იყოს საუბარი, ვინაიდან კანონი გრამებს არ განსაზღვრავს და 8-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

ვთხოვთ პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს მამუკა ბერძენიშვილი, ვინაიდან მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ის არ წამოადგენს საზოგადოებისთვის საფრთხეს.

ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს, ყველა მედიასაშუალების წარმომადეგენლს ვთხოვთ, თუ მათ სურვილი ექნებათ, შეუძლიათ ხელმოწერები შეაგროვონ და უკვე პროცესი დაწყებული გვაქვს, 300-ზე მეტი ხელმოწერა გვაქვს და ამ დრომდე მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ამ კვირაშივე გავუკეთებთ ორგანიზებას და ამას უკვე პეტიციის სახე მიეცემა”- აღნიშნა “მეტრონომთან” მარიამ ბერძენიშვილმა.

პირველი არხის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი ზურაბიშვილის თქმით, დღევანდელი განცხადება ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებისგან დროული და სწრაფი რეაგირება მოჰყვეს ნარკოპოლიტიკის რეპრესიულ პოლიტიკას. მისი თქმით, დღეს გაჟღერებული მიმართვა ძალიან მალე ინტერნეტშიც გავრცელდება და პეტიციის სახე მიეცემა.

რაც შეეხება მუქარას, ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გააპროტესტა არსებული ნარკოპოლიტიკა, მას სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშებიდან წერენ, რომ გაჩუმდეს. მისი თქმით, იგივე შინაარსის წერილებს მეგობრებს და მეუღლესაც წერენ.

“ვიყავი მისული გენერალურ ინსპექციაში და დაწყებულია გამოძიება. ეძებენ ამ ადამაიანებს. მე მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ძალოვანი სტრუქტურების წიაღში არიან. თუმცა, დაველოდოთ გამოძიებას, იმედია შედეგი იქნება.

ეს არის არის პირველი შემთხვევა. ანალოგიური შემთხვევა ადრეც  მომხდარა, როცა ადამიანი აქტიურობდა ამ თემაზე, კრიმ პოლის თუ უშიშროების ყალბი ექაუნთები ესეოდნენ და ცდილობდნენ, რომ ან დაეშინებინათ ან საზოგადოებრივი აზრი შეექმნათ, უფრო განსხვავებული. იქ კომენტარებს წერდნენ ქალის ყალბი ექაუნთის სახელით, რომ” ბარიგების დამცველები ხართ” და ა.შ.”- აღნიშნა გიორგი ზურაბიშვილმა “მეტრონომთან”.

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ამბობს, რომ დღეს შეკრებილები აპროტესტებენ იმას, რაზეც თავად “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება გამოხატული. მისი თქმით, ხელისუფლებაში არსებული გარკვეული ჯგუფების გავლენის გამო, რომლებსაც არ აქვთ სწორი ინფორმაცია და ეყრდნობიან ფსევდო-მეცნიერულ დასკვნებს, ხელისუფლება ჩიხშია შესული.

“მოგეხსენებათ, 2012 წელს, ხელისუფლებამდე მოსვლამდემათ საპროგრამო დოკუმენტში ეწერა, რომ ისინი მომხრეები არიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნისა ნარკოტიკის მოხმარებაზე. ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ, იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც მსოფლიოს აქვს და უკვე დააგროვა. ყველამ კარგად ვიცით, ვინც ეს საკითხი საფუძვლიანად შევისწავლეთ, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა მართალია არც ამცირებს და არც ზრდის მსუბუქი ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობას, მაგრამ მკვეთრად ამცირებს პრობლემატური ნარკომანების რიცხვს. სწორედ ეს არის მიზანი, რომ ადამიანები ციხეში უმიზეზოდ არ დაიტანჯონ, და ამავე დროს შემცირდეს პრობლემატური ნარკომანია. ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ ვიცით, რომ ამის შესახებ ხელისუფლება მუშაობს, მაგრამ ხელისუფლებაშივე არსებული გარკვეული ჯგუფების გავლენის გამო, რომლებსაც არ აქვთ სწორი ინფორმაცია და ეყრდნობიან ფსევდო-მეცნიერულ დასკვნებს, ისინი ერთგვარ ჩიხში არიან შესულები. გარედან აღიქმება, რომ შანტაჟის მსხვერპლიც კი არიან თავიანთი კოლეგების მხრიდან. ჩვენ მათ მხარდაჭერა გვინდა გამოვუცხადოთ და გვინდა ვუთხრათ, რომ მზად ვართ მათი პროფესიული განხილვები გავაშუქოთ ისე, როგორც მედიის სტანდარტს შეეფერება და გავაშუქოთ მხოლოდ მეცნიერულ დასკვნებზე დაყრდნობით და არა ერთგვარ ირაციონალურ შიშებზე დაყრდნობით, როგორც მათი ოპონენტები ამას აპირებენ.”- აღნიშნა აბსანძემ.

2,027447 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ფლობისთვის მამუკა ბერძენიშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯეს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული განსაკუთრებით დიდ ოდენობად მიიჩნევა და ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....