არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად წარიმართება, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ წილკანში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამოძიება გამჭირვალედ წარიმართება და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.
„შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დანიშნული არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და, რა თქმა უნდა, გამოძიება წარიმართება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად, რათა რაც შეიძლება მალე დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, ვინც შესაძლოა, დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, ამის შესახებ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. ოჯახი სრულად იქნება ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და ეს გამოძიება წარიმართება სრულად გამჭვირვალედ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მისი განცხადებით, დამნაშავე პირების ვინაობის დადგენის შემდეგ, მათი სამართლებრივი დევნა დაიწყება.
„თუ ეს პიროვნებები იქნებიან უცხოეთში, არსებობს შესაბამისი პროცედურები, რათა მოხდეს მისი დაკავება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ყოფილი სამხედრო, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ცხედარი 10 მარტს გადმოასვენეს.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურების მიზეზად ექსპერტიზის ვადას ასახელებდა. ამ პერიოდის განმავლობაში ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ინტენსიურად მუშაობდნენ.
ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა საქართველოში ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა, რომლესაც წამების მსხვერპლთა რაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა, როგორც 1tv.ge იუწყება, “ემპათიას“ მიერ გავრცელებული წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.