დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. ქართული მარშის წევრების აღმკვეთ ღონისძიებას გადაწყვეტს. „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებზე თავდასხმაში 6 ადამიანს ადანაშაულებენ. მათგან ორს გუშინ ბრალი დაუმძიმდა.
მათი ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბრალდებულებს სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ ჩაუდენიათ და ისინი მშვიდობიან აქციას მართავდნენ.
სასამართლოში იმყოფება სანდრო ბრეგაძეც, რომელსაც მიაჩნია, რომ ინციდენტის დროს ძალადობრივი ქმედებები არ ყოფილა.
„იმ ქვეყანაში, სადაც თანამდებობის პირებისთვის გინება ჩვეულებრივი ამბავი არის და პარლამენტის თუ საკრებულოს სხდომებზე ერთმანეთს ცხვირ-პირს ალეწავენ, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად, უსამართლობა იქნება, რომ 6 ახალგაზრდას შეეფარდოს პატიმრობა. თუ გინებისთვის ამ ახალგაზრდებს შეეფარდებათ პატიმრობა, მაშინ უმაღლესი თანამდებობის პირები, კარგა ხნის დაპატიმრებულები უნდა იყვნენ,“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
ჟურნალისტის მიერ ე.წ. “ქართული მარშის” წევრების გაღიზიანება მისმა განცხადებამ გამოიწვია, რომელიც იესო ქრისტეს შეეხებოდა:
„მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად” – ასეთი შესავალი გაუკეთა გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს.
მარშის წევრები ჟურნალისტს ტელეკომპანიასთან მიუვარდნენ და მის მანქანას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. დააკავეს აქციის 6 მონაწილე.