ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ავლაბრის სასახლეში, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოში ყოველთვის დიდი მოწიწებით ჩამოდის.
ლუკაშენკოს თქმით, საქართველოსგან ბევრი ისწავლეს, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის დროს.
“მე დიდი ხანია პრეზიდენტი ვარ. სხვადასხვა ქვეყანაში ვიმყოფებოდი. ფაქტობრივად, მსოფლიო მოვიარე, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოში ყოველთვის დიდი მოწიწებით ჩამოვდივარ. თბილისში მეორედ ვარ, ადრე სოხუმში მომიწია ჩასვლა. სამწუხაროდ, ახლა სოხუმში ვერავინ მიდის. შესანიშნავი და ჩემი საყვარელი მხარეა. ამიტომაც ყოველთვის მოწიწებით ჩამოვდივარ საქართველოში იმის მოლოდინით, რომ აქ გულთბილი და წესიერი ხალხი დამხვდება, როგორც ბელარუსში არიან ისეთები. მე აქ როგორც სახლში, ისე ვგრძნობ თავს. აქ ჩვენთვის ახლო ხალხია. ბევრს ვსწავლობდით თქვენგან, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დროს. ქართველი მამაკაცები ყველაზე წარმატებულები და მდიდრები იყვნენ და ყველა გოგონას უყვარდა ისინი. ამიტომაც ასეთი კეთილი გრძნობები დაგვრჩა თქვენს მიმართ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბელარუსს არ აქვს დახურული თემები საქართველოსთან თანამშრომლობაში. ჩვენ ყოველთვის ვდგამთ ნაბიჯს საქართველოსთან მიმართებაში თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, ჩვენ მივაღწევთ წელს 200 მილიონის ოდენობის სავაჭრო ბრუნვას“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ბელარუსსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები სამაგალითოა ბევრი სხვა ქვეყნისთვის.
„მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა გიმასპინძლოთ მეგობრულ საქართველოში და გავაგრძელოთ ჩვენს ხალხებს შორის არსებული ურთიერთობები. ჩემი აზრით, ბელარუსსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები სამაგალითოა ბევრი სხვა ქვეყნისთვის. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაონ ქვეყნებმა საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ამ ვიზიტის მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ ჩვენ გავაფორმებთ სხვადასხვა შეთანხმებას, მათ შორის ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც უახლოესი ათწლეულების მანძილზე ბელარუსი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას განსაზღვრავს. გმადლობთ პირადი მეგობრობისთვის და იმისთვის, რასაც თქვენ საქართველოსა და ქართველებისთვის აკეთებთ”, – მიმართა მარგველაშვილმა კოლეგა პრეზიდენტს.