ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არჩილ ტატუნაშვილს სამხედროებმა პატივი მიაგეს

ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის პატივის მისაგებად სოფელ წილკანში ხალხის ნაკადი არ წყდება. სულ რამდენიმე წუთის წინ  ტატუნაშვილისთვის პატივის მისაგებად სამხედრო მოსამსახურეები ჩავიდნენ. იუნკერებმა და კრწანისის სასწავლო ცენტრის ჯარისკაცებმა დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრეს.

ტატუნაშვილის სახლში ჩავიდნენ პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ჯარისკაცებიც – იმ ბატალიონის, რომელშიც წლების წინ არჩილ ტატუნაშვილი თავად მსახურობდა.

წილკანში სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უსამძიმრებენ. დღესვე ტატუნაშვილის პატივის მისაგებად აფხაზეთში გარდაცვლილი გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

იტვირთბა....