“ქართული მარშის” დაკავებული აქტივისტების ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ მათ მიმართ დაწყებული საქმის წარმოება “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობის მიერაა დაკვეთილი.
ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის შენობასთან მომხდარი ინციდენტის გამო პოლიციამ 5 პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. სამივე მუხლი სასჯელის სახით პატიმრობას ითვალისწინებს.
„არ ველოდებოდი, რომ 239-ე მუხლით დაიწყებდნენ სისხლის სამართლებრივ დევნას, მაშინ, როცა ადმინისტრაციული წარმოება ჰქონდათ დაწყებული. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ განიხილა მათი სამართალდარღვევის საკითხი და ამ დროს უცებ, რატომღაც საქმის მწარმებელმა ორგანომ გადაიფიქრა, განაცხადა, რომ უტვინოები ვართ, შეგვეშალა. სინამდვილეში გვარამია იყო უკმაყოფილო იმით, რომ ეს პირები ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში იქნენ მიცემულნი და დაიწყეს სისხლის სამართლის დევნა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს წარმოება „რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობის მიერ დაკვეთილი წარმოებაა“,- განაცხადა „ქართული მარშის“ დაკავებული წევრების ადვოკატმა, ცირა ჯავახიშვილმა.
ის დარწმუნებულია, რომ „ქართული მარშის“ წევრებს ძალადობა არ განუხორციელებიათ.
ე.წ. ქართული მარშის წევრები რუსთავი2-ის ოფისსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. აქტივისტებმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს, თამთა მურადაშვილს, თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს.
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტებს. ე.წ. ქართული მარში გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ჟურნალისტმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.
ე.წ. “ქართული მარშის” წევრების გაღიზიანება გამოიწვია გადაცემა P.S-ში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც იესო ქრისტეს შეეხებოდა:
„მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად” – ასეთი შესავალი გაუკეთა გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს.