ახალი ამბები მთავარი სამართალი

დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მის შვილს ემუქრებიან

“რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მის შვილს გიორგი ზურაბიშვილს, რომელიც ცნობილი სპორტული კომენტატორია, სოციალურ ქსელში ემუქრებიან. ამის შესახებ ზურაბიშვილი სააკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე სტატუს აქვეყნებს. ზურაბიშვილი ფაქტით დაინტერესებისკენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას და უშიშროების სამსახურის უფროსს ვახტან გომელაურს სთხოვს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბ-ნ გიორგი გახარიას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსს, ბ-ნ ვახტანგ გომელაურს.

მსურს მოგმართოთ სრულიად ოფიციალურად იმ უმსგავსო კამპანიასთან დაკავშირებით, რაც ფეისბუქის მეშვეობით აგორდა ჩემი შვილის, გიორგი ზურაბიშვილის მიმართ

მოგახსენებთ, რომ ჩემი შვილი, გიორგი ზურაბიშვილი არის საკმაოდ ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, რომელიც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და საერთოდ შორს დგას პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობისგან. ამის აღნიშვნა შესაძლოა ზედმეტიცაა, მაგრამ მაინც ვაფიქსირებ, მერე რომ არ იყოს ლაპარაკი რაიმე პოლიტიკურ სპეკულაციებზე.

იმავდროულად, გიორგი, ისევე როგორც არაერთი ჩვენი თანამოქალაქე, ბუნებრივია, მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო აქტივობებში. კერძოდ ის, თავის მეგობრებთან ერთად ხშირად აპროტესტებს ხოლმე არსებულ ნარკოპოლიტიკას და ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანების ციხეში გამომწყვდევის დრაკონულ პრაქტიკას. რაშიაც, ის ცხადია მარტო არ არის და მსგავსი შეხედულება აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს.

ამჯერადაც მან გააპროტესტა ის ფაქტი, როდესაც მის მეგობარს ორ გრამამდე ემდიემეის ფლობისთვის მიუსაჯეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა. აქვე შეგახსენებთ, რომ ამგვარი სასჯელის სისასტიკეს და არაადამიანურობას საქართველში არ უარყოფს არავინ, მათ შორის ისინიც, ვინც ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას დიდად არ ემხრობიან. პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ არსებული კანონმდებლობა უვარგისია და მისი ჰუმანიზაციაა საჭირო, თუმცა, ამ ამბავს და შესაბამისი კანონპროექტის მიღებას რომ დღემდე არ დაადგა საშველი, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.

პრობლემა პრობლემად და რაც გიორგის მიერ მისი მეგობრის პატიმრობის გაპროტესტებას მოჰყვა, ის უკვე საერთოდ არაფერში არ ჯდება. მისი ფოსტა ორი დღეა წაილეკა ანონიმი და ე. წ. ფეიკ-ექაუნთების მქონე პირების მხრიდან ლანძღვა-გინებთ და მუქარებით. თან ეს ხალხი იგინება და იმუქრება პოლიციის და ხელისუფლების სახელით.

აქვე აღვნიშნავ, რომ მსგავსი შემოტევები სოციალურ ქსელში, მსგავსი აგრესია და ლანძღვა-გინება პოლიციის სახელით არ არის პირველი შემთხვევა და პერიოდულად ხორციელდება ხოლმე სწორედ იმ ადამიანების მიმართ, ვინც მტკიცედ და მკვეთრად აკრიტიკებს არსებული ნარკოპოლიტიკის არაადამიანურ პრაქტიკას, რაც გვაფიქრებინებს რომ ადგილი აქვს ორგანიზებულ და ორკესტრირებულ კამპანიას, რომელიც ხორციელდება სწორედ ძალოვანი სტრუქტურების წიაღში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე კატეგორიულად ვითხოვ:

ა) აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ძალოვანი სტრუქტურების სახელით ადამიანების მიზანმიმართული, ფსიქოლოგიური ტერორიზირების ფაქტის გამო.

ბ) გამოვლენილი (კონკრეტულად, სახელებით და გვარებით) და უმკაცრესად დასჯილი იქნენ ის პირები, ვინც ამ უმსგავსოებას სჩადის. როგორც შემსრულებლები, ისე ორგანიზატორები.

P. S. აქვე ვაშეარებ რამდენიმე მესიჯს, სადაც ეს თავხედი ნაძირლები უკვე ემუქრებიან არა მხოლოდ გიორგის, არამედ მისი ფეისბუქ-სტატუსის კომენტატორებსაც”,-წერს ზურაბიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

იტვირთბა....