დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში მაღალკლასელი ბიჭი, მასწავლებელს მოკვლით დაემუქრა. აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ მოხდა რაც მოსწავლემ საგაკვეთილო პროცესი ჩაშალა. მოზარდი მასწავლებელს დაემუქრა და უთხრა, რომ ციხეში ჩაჯდებოდა მაგრამ მას მაინც მოკლავდა. თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ აღელვების ფონზე თქვა. ინფორმაციას EDU.ARIS.GE ავრცელებს.
სკოლის დირექციამ სპატრულო პოლიციას მიმართა, რომელმაც მოსწავლეს ხელწერილი დააწერინა, თუმცა როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ მოსწავლისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
სკოლის პედაგოგების თქმით, აღნიშნული მოსწავლე საკმაოდ ცუდი ყოფაქცევით გამოირჩევა და მუდმივად შლის საგაკვეთილო პროცესს, დირექცია კი უკვე დიდი ხანია მის მშობლებს სკოლაში იბარებს, თუმცა უშედეგოდ. ამ კონკრეტული შემთხვევის შემდეგ კი მამა სკოლაში, ფაქტობრივად, ძალით მიიყვანეს.
როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, სკოლას მსგავსი მოსწავლის გასარიცხად არანაირი ბერკეტი არ აქვს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში რიცხავს, თანაც იმ ფონზე, რომ მაქსიმალურად ცდილობენ მოსწავლეებს სწავლის შანსი არ დაუკარგონ.
როგორც სკოლის დირექტორმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დირექტორებმა ამ საკითხზე კითხვით განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, შეხვედრაზე ორჯერ მიმართეს, თუმცა მინისტრმა პასუხს თავი აარიდა.
სკოლის დირექტორის თქმით, ასეთი მოსწავლეების სკოლაში ყოფნა-არყოფნის საკითხი სხვა სკოლების დირექტორებსაც აწუხებთ. მისი თქმით, მსგავსი მოსწავლეების სკოლაში სასწავლებლად კი არა პირიქით, სასწავლო პროცესის ჩასაშლელად დადიან.