სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების, პირობით ვადამდე გათავისუფლებულებისა და პირობით მსჯავრდებულების რეაბილიტაცია/რესოციალიზაციისათვის პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელება.
უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სხვა მსგავსი ღონისძიებები.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მემორანდუმი უწყებებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ_ერთ მთავარ პრიორიტეტს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაცია წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების მიღება, რაც მსჯავრდებულებს გათავისუფლების შემდეგ სამუშაოს მოძიებაში დაეხმარება. ეს შემდგომში უკვე განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკსაც შეამცირებს,“ – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა აღნიშნა, რომ ყოფილ მსჯავრდებულთა, ბრალდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა სახელმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მოკლევადიანი პროფესიული კურსები შემუშავებულია იმ მიზნით, რომ დაეხმაროს ამ პირებს რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის პროცესში. ამ კუთხით სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დაახლოებით ოთხწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს, რომლის ფარგლებშიც გადამზადებულია დაახლოებით 2 500-ზე მეტი პირი. ვფიქრობთ, რომ მემორანდუმის ფარგლებში კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ იმ სერვისებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებს განათლების სფეროდან მიეწოდება,“ – აღნიშნა ქეთევან ნატრიაშვილმა.
უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმი დღეიდან შევა ძალაში და ხუთი წლის ვადით იმოქმედებს.