ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სითი პარკის” 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კომპანია “სითი პარკის” 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება. მისი თქმით, ძირითადად საუბარია ინსპექტორებზე, რომლებიც არ უნდა დაზარალდნენ მათი კომპანიის ქმედებების გამო.

“მინდა შევეხო კომპანია „სითი პარკის“ თანამშრომლების ბედს და საკითხს. ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის ნებისმიერი ადამიანის ბედი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მინდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს ვთხოვო, რომ ის 120 თანამშრომელი, რომელიც “სითი პარკში” მუშაობდა, აყვანილი იქნას სამსახურში. ესენი არიან ძირითადად ინსპექტორები და არ უნდა დაზარალდნენ მათი კომპანიის ქმედებების გამო. პირიქით, მათი გამოცდილება გამოყენებული იქნება პარკირების სისტემის მართვისთვის.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს ვავალებ, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები იმისთვის, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში მოეწყოს. ვგულისხმობ დახაზვას, საპარკინგე ნიშნების მოწყობას და ასევე, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, თუ არის რაიმე საჭირო, დამატებით არის რაიმე შესაძენი, რომ უპრობლემოდ გავაგრძელოთ მუშაობა 10 აპრილიდან, გაკეთდეს ყველაფერი ამისთვის”, – განაცხადა კალაძემ.

რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერია “სითი პარკთან” ხელშეკრულებას 10 აპრილიდან წყვეტს. დროებით, კომპანიის უფლება-მოვალეობებს მერიის სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს.

იტვირთბა....