შსს-მ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ მუქარის შემცველ წერილებზე გამოძიება დაიწყო. როგორც “მეტრონომს” უწყებაში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ის დაცვით გადაადგილდება, რადგან სოციალურ ქსელებში მისი მისამართით მუქარის შემცველი ტექსტები ვრცელდება.
„უკვე იძულებული ვარ, დაცვით გადავადგილდე. მუდმივ სტრესში მიწევს არა მარტო მუშაობა, არამედ უკვე უბრალოდ ქუჩაში მოძრაობაც კი. თუ აქამდე სამსახურში ვიყავი საფრთხის ქვეშ, ახლა უკვე პირდაპირ მიმანიშნებენ, რომ სახლშიც კი ვერ ვიგრძნობ უსაფრთხოდ თავს. ეს ძალიან მძიმეა.
მე ყველანაირი თავისუფლების შეზღუდვას ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ, ახლა უბრალოდ არჩევანი არ მაქვს. მე ვალდებული ვარ, არც კი მკითხეს, ისე დამინიშნეს დაცვა და ახლაც დაცვა არის ჩემ გვერდით,“- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
ჟურნალისტის მიერ ე.წ. “ქართული მარშის” წევრების გაღიზიანება მისმა განცხადებამ გამოიწვია, რომელიც იესო ქრისტეს შეეხებოდა:
„მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად” – ასეთი შესავალი გაუკეთა გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს.
მარშის წევრები ჟურნალისტს ტელეკომპანიასთან მიუვარდნენ და მის მანქანას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. დააკავეს აქციის 6 მონაწილე.