სერგი კაპანაძე, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ ქართული მხარის ამოცანაა რუსეთს აეღო ჩვენს მიმართ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული ვალდებულება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის სერგი კაპანაძის აზრით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციაზე დათანხმება შეცდომა იქნება. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„ამ დეკლარაციაზე თანხმობას ვიძლეოდით იმ შემთხვევაში, თუ მას წინ უსწრებდა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების იურიდიული ვალდებულების აღება. ფაქტია, რუსეთმა ეს ვალდებულება არ აიღო, მაშინ ამ დეკლარაციაზე დათანხმება რას გვაძლევს, სრულიად გაუგებარია. საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულება ისედაც აღებული აქვს 2010 წელს და 2013 წელს, ამიტომ ჩვენი მხრიდან არაფერი ახალი არ არის. რუსეთი თუ არ იღებს ამ ვალდებულებას ჩვენს მიმართ, ამ დეკლარაციის არსი რა არის, სრულიად გაუგებარია, მითუმეტეს იმ ფონზე, რაც ახლა ხდება – ტატუნაშვილის შემთხვევა მაქვს მხედველობაში“, – განუცხადა სერგი კაპანაძემ.
დეპუტატი არ იზიარებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას არგუმენტს იმის შესახებ, რომ ქართული მხარე ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა მიერ მისაღებ პოლიტიკურ განცხადებას შემდგომი საგნობრივი მოლაპარაკების გზაზე გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯად განიხილავს.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ახლა რუსეთს ჩვენს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებაზე წნეხი მოეხსნება და მერე უცებ კეთილი გახდება და ჟენევაში ისეთ თემებზე დაიწყებს მუშაობას, რომელიც ჩვენ გვაწყობს, მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების შექმენა, ეს უკეთეს შემთხვევაში უბრალოდ გულუბრყვილობაა. ამას ამბობენ ჩვენი დიპლომატები?! ძალიან უცნაურია, საიდან მოდის ასეთი ილუზია მაშინ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხს გვიკლავენ, ცხედარს არ გვაძლევენ 26 დღის განმავლობაში“ , – განაცხადა კაპანაძემ.
რაც შეეხება იმას, დეკლარაციის მიღება შეიცავს თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებულ საფრთხეებს, სერგი კაპანაძის თქმით, დეტალები მისთვის უცნობია.
„თუკი საუბარია იმაზე, რომ ხელს ვაწერთ ჩვენ, „სამხრეთ ოსეთი“, აფხაზეთი და ვიღებთ ერთმანეთის მიმართ ვალდებულებას, საერთოდ კატასტროფაა. ეს ნიშნავს, რომ იურიდიულად გარკვეულ აღიარებას ვაკეთებთ. ასეთ სიბრიყვეზე რომ წავიდნენ, მართლა ძალიან გამიკვირდება. მაგრამ ასეც თუ არ ხდება, როგორც მინიმუმ რუსეთს ვაძლევთ არგუმენტს, საერთაშორისო მასშტაბით იძახოს, რომ ჩვენ და აფხაზეთმა ავიღეთ ერთმანეთის მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება, როგორც ის მოგვიწოდებდა 10 წლის განმავლობაში. ანუ ერთი მხრივ, მასზე ვხსნით წნეხს, მეორე მხრივ, ვაღიარაღებთ ამ არგუმენტით და თან იმედი გვაქვს, რომ კარგად მოიქცევა მომავალში. რა ლოგიკაა ამაში, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია“, – დასძნა სერგი კაპანაძემ.