ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს დილით საკუთარ სახლში სოფელ წილკანში მიასვენეს. მას წუხელვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემედგაც სახლში გადაასვენეს. თვითმხილველების განცხადებით, გარდაცვლილს წინასწარი დათვალიერებისას გარეგანი დაზიანებები აღენიშნება.
უფრო მეტიც, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი აქვს მოჭრილი და ის როგორც სამხედრო ის არის ნაწამები. ბერულავა ამბობს, რომ ეს არის სამხედროების დასჯისცნობილი მეთოდი, რომ მან ჩახმახზე თითის გამოკვრა ვერ შეძლოს.
“ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!..”- ეს იყო არჩილ ტატუნაშვილის დედის პირველი ფრაზა, როცა შვილის ცხედარს მოეფერა…
არჩილს მაჯები დახვრეტილი, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი მოჭრილი აქვს…
მაპატიეთ ასეთი ნატურალიზმი, მაგრამ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის მოჭრა ოკუპანტების “საფირმო” ხელწერაა: ასე სჯიან ისინი მოწინააღმდეგე სამხედროებს, იმ თითს აჭრიან, რითაც ჩახმახისთვის გამოუკრავს…
ახლა დაახლოებით ვიცით, როგორ აწამებდნენ ცოცხალ არჩილს…
და რა გულისამრევია ამ ფონზე კომენტარები
“ცხედრის დაზიანებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ”, რაც ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისგან გვესმის, ვინც ცხედარი დაათვალიერა…”,-წერს ბერულავა საკუთარ “ფეისბიქზე”.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ამა წლის 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან – ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს, რომლებიც გასულ კვირას გაათავისუფლეს, თუმცა ოკუპირებული ახალგორის დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მისცა.