ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა

“სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) აცხადებს, რომ საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა.

მათივე ცნობით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ აიღო ვალდებულება სანთებელების კონტროლი დაეწესებინა, რაც 2018 წლიდან ამოქმედდა. კერძოდ, დასაშვებია მხოლოდ ისეთი სანთებელას გაყიდვა, რომელიც დაპროექტებული და აწყობილია იმგვარად, რომ ჩვეულებრივი მოხმარების პირობებში შეუძლებელია მისი გამოყენება 51 თვეზე მცირე ასაკის (4.3 წელი) ბავშვის მიერ.

ცნობისთვის, ამ ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დაევალა, რომელმაც ისეთი სანთებელების ბაზრიდან ამოღება უნდა უზრუნველყოს, რომლებიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნას არ აკმაყოფილებენ.

„მსოფლიო გამოცდილებით, ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი ბავშვების მიერ სანთებელების გამოყენებაა. ამ პრობლემას აშშ-სა და ევროკავშირში ჯერ კიდევ 90-იან წლებში მიაქციეს ყურადღება.

ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში ბავშვების მიერ სანთებელების გამოყენების შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 5000 ხანძარი ჩნდებოდა, რასაც დაახლოებით 1150 ადამიანის დაზიანება და 170 ადამიანის სიკვდილი მოჰყვებოდა. ამ საფრთხის შესამცირებლად აშშ-ში აკრძალეს ისეთი სანთებელების გაყიდვა, რომელთა ანთებაც მცირეწლოვან ბავშვებს შეეძლოთ. ამან ხანძრებისა და მათგან გამოწვეული ზიანის 60%-ით შემცირება გამოიწვია. მოგვიანებით ასეთივე აკრძალვა დაწესდა ევროკავშირის ქვეყნებში.

საქართველოში გახშირებული ხანძრების ფონზე, ვფიქრობთ გამართლებულია ისეთი ზომის მიღება, რომლებიც ხანძრის საშიშროებას შეამცირებს. ასე რომ, თუ წააწყდებით ისეთ სანთებელას, რომელიც ადვილად არ ინთება, იცოდეთ, რომ ეს შეიძლება არა ტექნიკური წუნი იყოს, არამედ უსაფრთხოების ზომა. ამავე დროს, თუკი ნახავთ, რომ იყიდება ისეთი სანთებელა, რომლის ანთებაც მცირეწლოვან ბავშვს შეუძლია, ეს სავარაუდოდ, კანონდარღვევაა. გთხოვთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და ასეთი ფაქტების შესახებ აცნობოთ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს,“-ნათქვამია momxmarebeli.ge-ს ინფორმაციაში.

სანთელების კონტროლის შესახებ დადგენილება, რომელიც 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, მთავრობამ 2016 წელს მიიღო.

დადგენილების თანახმად, მწარმოებელმა, სანთებელას ბაზარზე განთავსების მიზნით, შემდეგი

პირობები უნდა დააკმაყოფილოს: შეინახოს და, მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ბავშვის მოხმარებისთვის რეზისტენტულობაზე ჩატარებული გამოცდის ანგარიში სანთებელას ყველა მოდელზე და ასევე იმ სანთებელას

ნიმუში, რომელზეც ჩატარდა გამოცდა, ბაზარზე განთავსებული სანთებელების მოდელის ბავშვების მოხმარებისთვის რეზისტენტულობის დასადასტურებლად; უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, დაადასტუროს, რომ ბაზარზე განთავსებული ყველა სანთებელა თითოეულ პარტიაში შეესაბამება გამოცდილ მოდელებს და, მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს დოკუმენტაცია გამოცდის შესახებ და ასეთი გამოცდის განმახორციელებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; მუდმივად განახორციელოს ზედამხედველობა წარმოებული სანთებელების იმ ტექნიკურ გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაზე, რომელიც უზრუნველყოფს სანთებელას რეზისტენტულობას ბავშვებისთვის მოხმარებაზე, გამოიყენოს შესაბამისი გამოცდის მეთოდები და შეინარჩუნოს უფლებამოსილი ორგანოს დაკვირვების ქვეშ წარმოების ჩანაწერები, იმისათვის, რომ დაადასტუროს ყველა წარმოებული სანთებელას შესაბამისობა გამოცდილ მოდელთან; შეინახოს და მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოს ახალი ანგარიში სანთებელას ბავშვის მოხმარებისათვის რეზისტენტულობაზე, იმ შემთხვევაში, თუ სანთებელას სერტიფიცირებულ მოდელში განახორციელა ისეთი ცვლილება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოდელის შესაბამისობაზე ამ ტექნიკურ რეგლამენტთან.

ამასთან, დადგენილების თანახმად, დისტრიბუტორმა, უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს აუცილებელი დოკუმენტაცია, რაც უზრუნველყოფს სანთებელას მწარმოებლის მიკვლევადობას და ნებისმიერი იმ პირის იდენტიფიცირებას, რომლისგანაც დისტრიბუტორს მიეწოდა ამ რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტი.

იტვირთბა....