იყო 1 წლის წინ ასეთი აზრი და ეჭვი, რომ “ქართული მარში” ხელისუფლების პოზიციის გამხმოვანებელი იყო. თუმცა, დღეის მდგომარეობით არ მგონია, რომ ეს ძალა ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერით სარგებლობდეს, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ქართული მარშის” გუშინდელ აქციას.
“იყო 1 წლის წინ ასეთი აზრი და ეჭვი, რომ “ქართული მარში” ხელისუფლების პოზიციის გამხმოვანებელი იყო. თუმცა, დღეის მდგომარეობით არ მგონია, რომ ეს ძალა ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერით სარგებლობდეს. ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ ამ ყველაფერზე რა რეაგირება იქნება. თუ ერთხელ და სამუდამოდ ძალადობის პრევენციის თემა არ გადაწყდა, შეიძლება, ძალადობა ძალიან გაიზარდოს. ხელისუფლების ინტერესებშია, რომ ამ თემის დახურვა სამაგალითოდ მოხდეს.
მე არავის დასჯის და ციხეში გამწესების მომხრე არ ვარ, მაგრამ საფრთხე რეალურია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გაბუნიას ცემა ბევრს მოუნდეს და ეს არ გამიკვირდება, მაგრამ ერთია ჩვენი ემოციები და მეორეა ქმედებებზე გადასვა, რაც ძალიან სახიფათოა და შეიძლება, სახელმწიფო სტაბილურობასაც საფრთხე შეუქმნას”, – აცხადებს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქართულმა მარშმა” აქცია გამართა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. აქციის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.
ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქრისტე შეცდომით მოევლინა ქვეყანას 2 000 წლის წინ და 3-4 წლის მერე აჭარაში უნდა დაბადებულიყო, რადგან რეგიონში ჯვრის დასამზადებელი ხე აღარ იქნებოდა.