ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თვითმმართველობის კომიტეტმა ტაქსების რეგულაციის სესიაზე გატანას მხარი დაუჭირა

პარლამენტის წევრების, კახაბერ კუჭავასა და ნინო წილოსანის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დედაქალაქში ტაქსების რეგულაციებთან დაკავშირებით თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სესიაზე გასატანად მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კახაბერ კუჭავას განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტების ძირითადი მიზანია დედაქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომი გაუმჯობესება – დარეგულირება და საგზაო მოძრაობის განტვირთვის ხელშეწყობა.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, განისაზღვრება თბილისის მთავრობის უფლებამოსილებები საავტომობილო მოძრაობის სფეროში, კერძოდ განისაზღვრება ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება, ნებართვის გაცემის წესი და ა.შ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღების მიზეზია დედაქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობა ტრანსპორტის მოძრაობის სფეროში: გადატვირთული ქუჩები, ხშირი საცობები და მოქალაქეების მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის სექტორში არსებული სრული ქაოსი. ამდენად, მიაჩნიათ საკანონმდებლო ინიციტივის ავტორებს, აუცილებელი გახდა რეგულაციების შემოღება, რომლებიც ხელს შეუწყობენ თბილისში საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას განტვირთვას.

12 თებერვალს თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გავლა მოუწევთ. ხოლო ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.

წყარო: “იმედინიუსი”

იტვირთბა....