„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ რეზოლუციის ტექსტი, მათ შორის პრინციპული საკითხები, პრაქტიკულად შეჯერებულია, თუმცა მიმდინარეობს კონსულტაციები საბოლოო ფორმულირებაზე,
მისივე განცხადებით, ეს იქნება ერთიანი დოკუმენტი, ქართული სახელმწიფოს ერთიანი პასუხი ტატუნაშვილის მკვლელობაზე.
„რეზოლუციის ტექსტი პრაქტიკულად შეჯერებულია, თუმცა მიმდინარეობს კონსულტაციები საბოლოო ფორმულირებაზე. პრინციპული საკითხები შეთანხმებულია. მათ შორის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დოკუმენტში სრულფასოვნად ასახულიყო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ და სანქციების საკითხი. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი სრულფასოვნად არის ასახული დოკუმენტის სათაურიდან დაწყებული, ტექსტით გაგრძელებული. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ტექსტის საბოლოო კორექტირებებზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ერთიანი დოკუმენტი, ქართული პარლამენტის და სახელმწიფოს ერთიანი პასუხი იმ უმძიმეს დანაშაულზე, რომელიც იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც არა მხოლოდ მისცემს პოლიტიკურ შეფასებას, რომ რუსეთს, როგორც ოკუპანტს ეკისრება სრული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, არამედ რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დააწესებს კონკრეტულ მექანიზმებს იმისთვის, რომ ასეთი ტიპის დარღვევები აღარ მოხდეს და ყველა ვინც დამნაშავეა ქართველების გატაცებაში, წამებაში და მკვლელობაში ყველას მიმართ გამოყენებული იყოს მაქსიმალური ზომები მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.