ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქალაქო სასამართლოსთან დავით როსტომაშვილის ცემაში ბრალდებულის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

საქალაქო სასამართლოსთან, დავით როსტომაშვილის ცემისა და დაყაჩაღების ფაქტზე ბრალდებული ქურაბ ქუთელიას ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები მოსამართლე ნათია გუდავაძის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, მათი თქმით მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. კერძოდ საქმე ეხება კამერების ჩანაწერებს და ასევე ამ საქმეზე დაკავებული ორი პირის, ბექა კირვალიძის და არტემ აგაჯანოვის ჩვენებებს.

ქუთელიას ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო წესით გეგმავენ. ისინი მოსამართლე ნათია გუდაძის წინააღმდეგ სარჩელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიტანენ.

ცნობისთვის, საქმე ეხება, 2017 წლის 14 ივნისს, თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დავით რ.-ზე თავდასხმის ფაქტს, რა დროსაც ბექა კ.-მ ბეისბოლის ბიტით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენა. ასევე ბრალდებულმა ზურაბ ქ.-მ დავით რ.-ს ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ჯაჭვი და მედალიონი, რის შედეგადაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. არტემი ა.-მ, კუთვნილი ავტომანქანით უზრუნველყო თავდამსხმელების დანაშაულის ადგილამდე მიყვანა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან ზურაბ ქ.-ს გაქცევა.

საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულებმა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

ბრალდებულ ბექა კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად,დანაშაულთა ერთობლიობითა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ზურაბ ქ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო არტემი ა.-ს სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულების უკმაყოფილება მოჰყვა. მათ დარბაზი შეძახილებით და უცენზურო სიტყვებით დატოვეს.

იტვირთბა....