ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუდაურში დაშავებული ფეხმძიმე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გუდაურში დაშავებული, შვედეთის მოქალაქე მოინახულა. მისი თქმით, ორსული ქალბატონის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფიებელია, ნაყოფის რაიმე სახით დაზიანება არ აღინიშნება. ასევე სერგეენკო ამბობს, რომ პაციენტის რეანომობილით ტრანსპორტირების საჭიროება არ არსებობს.

„ორსული ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც აქ იმყოფება, დამაკმაყოფილებელია. ნაყოფის მხრივ, რაიმე გართულება არ აღინიშნება. მისი ჩივილია წელის ტკივილი, რომელიც სავარაუდოდ დაჟეჟილობით არის გამოწვეული. დღის განმავლობაში ის დარჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება გაწერა და გამგზავრება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კლინიკა “მედიქლაბ ჯორჯიას” სამედიცინო დირექტორი გიორგი გოცაძე აღნიშნავს, რომ დღეს შვედეთის მოქალაქეს განმეორებით ჩაუტარდება გამოკვლევები რის შემდეგაც დადგინდება კონკრეტულად მისი გაწერის თარიღი.

„გუშინ გუდაურიდან გადმოყვანილი შვედეთის მოქალაქე არის სტაბილურ მდგომარეობაში. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. დღეს ვგეგმავთ განმეორებითი კვლევების ჩატარებას, თუ მისი მდგომარეობა ცვლილების გარეშე იქნა, შესაძლებელი გახდება მისი გაწერა და ტრანსპორტირება თავის ქვეყანაში. დღის მეორე ნახევარში ზუსტად გვეცოდინება“, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.

ცნობისთვის, გუშინ გუდაურში, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....