საქართველოში პირველად, საქართველოს სპორტცეკვების ეროვნულმა ფედერაციამ (GNDSF), მსოფლიო ფედერაციისგან ერთხმად მოიპოვა „მსოფლიო 21 წლამდე ჩემპიონატის“ ჩატარების ლიცენზია, რუსეთთან, ამერიკასთან, ესპანეთთან და გერმანიასთან უპირატესობით. როგორც ფედერაციის ხემძღვანელობა აცხადებს, კულტურის სამინისტრომ მათ დაფინანსებაზე უარი უთხრა, რაც მათი თქმით, პირველ რიგში ურტყამს ქვეყნის იმიჯს. მათი განცხადების მიხედვით საუბარია 120 ათას ლარზე, რომელიც ჩემპიონატის ორგანიზებას უნდა მოხმარდეს.
“საქართველო დგას დიდი პრობლემის წინაშე” – წერია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს ისტორიაში, სპორტის არცერთ სახეობში არ მომხდარა ფაქტი, რომ ტურნირზე ეასპარეზა მინიმუმ 40 ქვეყნის წარმომადგენელს. საქართველოში პირველად, საქართველოს სპორტცეკვების ეროვნულმა ფედერაციამ (GNDSF), მსოფლიო ფედერაციისგან ერთხმად მოიპოვა „მსოფლიო 21 წლამდე ჩემპიონატის“ ჩატარების ლიცენზია, რუსეთთან, ამერიკასთან, ესპანეთთან და გერმანიასთან უპირატესობით. ამ ჩემპიონატში კი 40–55 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
სამწუხაროდ, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უპასუხისმგებლო მოქმედებით, საქართველო დგას დიდი პრობლემის წინაშე. მაშინ როცა, სხვა ფედერაციებს უპრობლემოდ აქვთ მილიონობით დაფინანსება, აღნიშნული უმნიშვნელოვანესი ჩემპიონატის ჩასატარებლად GNDSF–ს დაუსაბუთებელი უარი ეთქვა სულ რაღაც 120 000 ლარზე!
გვესმის, რომ საქართველოში არ ვართ პრიორიტეტული სპორტის სახეობა, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით, ეს არის ერთ–ერთი ცნობილი და წარმატებული სპორტი, რომელიც აღიარებულია მრავალი სპორტული ორგანიზაციის მიერ, მათ შორის მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.
ამის გათვალისწინებით, საქართველოსთვის უდიდესი სირცხვილი იქნება მსოფლიო ფედერაციასთან და მის წევრ ქვეყნებთან ამ ღონისძიების ჩაშლა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამინისტროსგან მხარდაჭერაზე მივიღეთ უარი, მიუხედავად იმისა, რომ ვართ საქართველოში აღიარებული და ლიცენზირებული ფედერაცია. გასულ წელს, მსგავსი პრობლემის შექმნის გამო, ფედერაციას ათობით ათასი ლარი დაედო ვალად, მაგრამ წლევანდელი ღონისძიება ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი, გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი მასშტაბებით, სადაც 3 000-მდე ათლეტი იასპარეზებს მსოფლიოს 40–55 ქვეყნიდან. ეს ფაქტი არა მარტო სპორტული, არამედ ტურისტული მნიშველობისაცაა.
მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლა გამოიწვევს საქართველოს უდიდეს სირცხვილს, დიდ თანხებთან დაკავშრებულ ჯარიმას და მსოფლიო ფედერაციიდან გარიცხვას, რაც, თავის მხრივ, ამ სფეროს ეროვნული მასშტაბით გაანადგურებს და წყალში ჩაიყრება იმ ათლეტებისა და პედაგოგების შრომა, რომლებიც წლების განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ თვითდაფინანსებით აღწევდნენ მნიშვნელოვან წარმატებებს.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად დავაგზავნეთ არაერთი წერილი, ვითხოვეთ კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, შალვა გოგოლაძესთან შეხვედრა, რომელიც წყვეტს მსგავს საკითხებს, მაგრამ მივიღეთ უარი. მიზეზად – მინისტრის მოადგილის კაბინეტის უქონლობა !!!! არც მთელ სამინისტროს შენობაში მოიძებნა სხვა ოთახი ნახევარსაათიანი შეხვედრის ჩასატარებლად !!!
უმორჩილესად გთხოვთ, გავერთიანდეთ, გააზიაროთ ეს პოსტი და გვერდით დაუდგეთ საქართველოს სპორტცეკვების ეროვნულ ფედერაციას. მივაწვდინოთ ხმა ყველა საჭირო უწყებას, განსაკუთრებით კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რათა შევძლოთ ღირსეულად დავიცვათ საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე.
პატივისცემით,
საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაცია”