საქართველოს პირველი-ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში გაემგზავრა, სადაც დღეს, პირველადი ინფორმაციით, სათხილამურო ტრასაზე, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები, ადგილზე მუშაობს სამი სასწრაფოს ბრიგადა, რომლებსაც დაშავებულები გადაჰყავთ ჯერ გუდაურის ამბულატორიაში, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე მათი ჰოსპიტალიზაცია რეანომობილებით იქნება უზრუნველყოფილი.
„ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად მათ გამოაგზავნონ ექსპერტები.
სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია სრულად უზრუნველყოფს დაშავებულთა მკურნალობის ყველა ხარჯის ანაზღაურებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.