საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ზვიად დევდარიანის კანდიდატურა სახალხო დამცველმა წარადგინა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მან შერჩევისას გაითვალისწინა გამოწვევები, რომლის წინაშეც ბორდი დგას.
“მიმაჩნია, რომ შესარჩევმა კონკურსმა გამოავლინა ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი, რაც ქმნის შესაძლებლობას, შეირჩეს ღირსეული, კრიტიკული, კომპეტენტური კადრები. ჩემთვის არ იყო მარტივი ერთ კანდიდატზე ჩამოყალიბება, თუმცა კანდიდატზე გადაწყვეტილების მიღების დროს გავითვალისწინე ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სამეურვეო საბჭო დგას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ისმოდეს კრიტიკული ხმა სამეურველო საბჭოში.
ამ მოვალეობის შესრულებას სჭირდება არა მარტო დამოუკიდებლობა და ენთუზიაზმი, არამედ – შესაბამისი კომპეტენცია და გამოცდილება. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ზვიად დევდარიანი წარმატებით გაართმევს თავს აღნიშნულ გამოწვევებს” – თქვა ნინო ლომჯაიამ.
ომბუდსმენს გუშინ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა 60-მდე ორგანიზაციამ თხოვნით მიმართა კანდიდატად იზაბელა ოსპოვა დაესახელებინა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის მსურველი 14 კანდიდატიდან 12 შეარჩია და სია პარლამენტს 14 მარტს გადაუგზავნა.
საკანონმდებლო ორგანო კანდიდატებს კენჭს, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში უყრის. დეპუტატებმა სამეურვეო საბჭოს წევრად 12 კანდიდატიდან ოთხი უნდა აირჩიონ.