ავტობუსებისთვის მონიშნულ ადგილებზე არასწორი გაჩერებისთვის მსუბუქი ავტომობილების მძღოლებისთვის ჯარიმა შესაძლოა 5-ჯერ, 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდოს. აღნიშნულ კანონპროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომოტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა.
“იზრდება სანქცია, იყო ჩვეულებრივ 10 ლარი და გახდება 50 ლარი, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ არასწორი პარკირება, ეს არის მოძრაობის შეფერხება და ავტობუსებისა და მარშუტკებისთვის, რომლებიც იქ უნდა გაჩერდნენ”, – აცხადებს კანონპროექტის ინიციატორი კახა კუჭავა.
ამავე საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, შესაძლოა ჯარიმა ტრანზიტულად მოძრავი ავტომობილებისთვისას გაიზარდოს. ჯარიმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილების შემთხვევაში სატვირთო და დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების მძღოლებისთვის 20 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ 1 მარტიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან უნდა გაჩერდნენ. მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ.