ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სემეკის გადაწყვეტილებით „თელასს“ მოქალაქისთვის კომპენსაციის გადახდა დაევალა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადების დარღვევის გამო, „თელასს“ მოქალაქის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაევალა. ამის შესახებ სემეკის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

“მოქალაქემ კომპანიას განცხადებით მიმართა და მოითხოვა კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. კომპანიამ მიიღო განაცხადი და კომისიის „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, განსაზღვრა მიერთების უზრუნველყოფის ვადა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელმა შეასრულა მისი ვალდებულებები, კომპანიამ დროულად არ მიაერთა მოთხოვნილი ობიექტი ქსელზე და სამჯერ დაარღვია ვადები.

კომისიის გადაწყვეტილებით მიერთების ვადის პირველი გადაცილების გამო, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური განახევრდა და კომპანიას დაევალა 400 ლარიანი მიერთების საფასურის ნახევრის – 200 ლარის დაბრუნება მოქალაქისთვის. მიერთების ვადის მეორე გადაცილების გამო მიერთებისათვის გადასახდელი თანხა განულდა. მიერთების ვადის მესამე გადაცილების გამო სს „თელასს“ დაევალა მოქალაქეს გადაუხადოს კომპენსაცია მიერთების საფასურის 50%-ის ოდენობით (200 ლარი) მის სააბონენტო ბარათზე, შემდგომი ანგარიშსწორებისთვის.

ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცესს და წესების დაცვას კომპანიის მხრიდან კომისია ახალი პროგრამის – კომერციული მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სისტემის საშუალებით რეალურ დროში აკვირდება. პროგრამას “Doing Business”-ის გუნდმა მაღალი შეფასება მისცა. ახალი პროგრამის საშუალებით კომისია რეალურ დროში ხედავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებში შესული განაცხადების რეგისტრაციისა და კომპანიის მიერ მათზე რეაგირების პროცესებს.”- ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....