თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, თვდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის თქმით სააკაშვილმა ნიშნის მოგებით უთხრა, რომ ის რაც მან ვერ შეძლო, მერაბიშვილმა გააკეთა.
ირაკლი ოქრუაშვილი აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა. მან გაიხსენა თუ როგორ დაავალა მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ცემა.
“2005 წელს მე თავდაცვის მინისტრის პოსტს ვიკავებდი. ჩემი შეხვედრა მოხდა გელაშვილის ინტერვიუს შემდეგ. სააკაშვილთან შეხვედრის დროს მისი პოზიცია იყო გამოხატული, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო და ეს მე უნდა გამეკეთებინა. მე უარი ვუთხარი და მერაბიშვილი, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას, სააკაშვილის პოზიციას იკავებდა. მას შემდეგ, რაც უარყოფითი დამოკიდებულება დაინახა, დეტალებზე საუბარი აღარ ყოფილა.
ამ შეხვედრის გარდა ხშირი იყო შეხვედრები, სადაც მსგავსი საკითხები განიხილებოდა, თუმცა ყოველთვის სხვა პოზიცია მქონდა. მე შევეცადე უშუალო კომუნიკაციას მიშასთან და მისი გადარწმუნება ვცადე. მისი მხრიდან ხისტი პოზიცია იყო და არ გაითვალისწინა ჩემი პოზიცია.
პოსტ-ფაქტუმ მიშასთან საუბარი იყო ერთი ერთზე, კანცელარიაში ან შავნაბადაზე. მე მქონდა გულისწყრომა, როგორც თანაგუნდელს. მან ნიშნის მოგებით მითხრა, რომ ის, რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო. მერაბიშვილთან რომელიც „პადჟიგაწელის“ როლს ასრულებდა ხოლმე, ვუთხარი, რომ არ იყო კარგი, რაც გააკეთა. მან მითხრა, რომ ეს პრევენცია იყო სხვებისთვის,” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილს უფროსს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს 2014 წელს ბრალი წაუყენეს.