ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდოს” დაყაჩაღებისთვის პირს 8 წელი და 6 თვე მიესაჯა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს“ ყაჩაღობაში ბრალდებულ პირს 8 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

“რუსთავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით ყაჩაღობის ჩადენაში ბრალდებული ზ.თ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 მაისს, 09:25 საათიდან 09:40 საათამდე დროის შუალედში, ზ.თ. ქ. რუსთავში ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“-ს რუსთავის ფილიალში მივიდა და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“-ს კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 28 710 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ზ.თ. 2017 წლის 29 მაისს ქ.რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ზ.თ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....