კომპანია “სითი პარკის” მფლობელები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ მათი შეფასებით, თბილისის მერიის გუშინდელი გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.
“თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელი განცხადება შპს „სი-ტი პარკ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს. მთელი სახელმწიფო აპარატი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩათვლით, გამოყენებულ იქნა კონკრეტული ძალების მიერ და მოქმედებდა კოორდინირებულად, „სითი პარკ“-ის საქართველოდან უკანონოდ გაძევების მიზნით.
ხელისუფლება მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, უგულებელჰყოფდა ინვესტორის მხრიდან სისტემატურ კომუნიკაციას და იმ გარემოებას, რომ ამჟამად მიმდინარეობს ორი სასამართლო პროცესი, რომელშიც შპს „სითი პარკი“ დავობს მის მიმართ კანონდარღვევის აბსურდული ბრალდებების საკითხზე. ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა სამართლებრივი პროცესის ილუზია მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი (ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა კანონზე და სასამართლოზე მაღლა მდგომი კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამო) წინასწარ იყო განსაზღვრული.
„სითი პარკი“ განიხილავს ყველა შესაძლებლობას და მიმართავს ყველა საშუალებას, რომელსაც მას ანიჭებს ქართული და საერთაშორისო სამართალი. კომპანიის მფლობელები ასევე გაავრცელებენ ამ ინფორმაციას ისრაელის და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. აღნიშნული ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რაც, როგორც ჩანს, არ აღელვებთ ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე”,- აღნიშნულია “სითი პარკის მფლობელების განცხადებაში.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ. სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის.
კომპანია სითი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.