ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 76 წლის ასაკში სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა. ის იყო ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი. ფიზიკო-თეორეტიკოსებს შორის იგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მოწინავე მეცნიერი იყო. ძირითადად მოღვაწეობდა კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში.
ჰოკინგის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად მიმართულია დიდი აფეთქების ფიზიკური საფუძვლების ახსნასა და შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვანი დეფორმაციის გამოკვლევისკენ. როჯერ პენროუზთან ერთად მან დაასკვნა, რომ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით დრო და სივრცე შეიქმნა დიდი აფეთქების დროს. ამ შედეგებმა მოითხოვა ფარდობითობის თეორიისა და კვანტური მექანიკის სინთეზი. ჰოკინგი იმედოვნებდა, რომ ფიზიკის ამ ორი დიდი თეორიის გაერთიანებით შესაძლებელი იქნება განხორციელდეს XX საუკუნის ფიზიკოსთა მისწრაფება შეიქმნას ბუნების ძალთა დიდი გაერთიანების თეორია.
ჰოკინგის ცნობილი სამეცნიერო შრომებია „დროისა და სივრცის მსხვილმასშტაბური სტრუქტურა“, „ფარდობითობის ზოგადი ავტორის თეორია: აინშტაინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმოხილვა“, „გრავიტაციის 300 წელი”; ასევე წიგნები „დროის მოკლე ისტორია“, „შავი ხვრელები, ახალგაზრდა სამყარო“.
გამოჩენილ ფიზიკოსს 21 წლის ასაკში ლუ გერიგის დაავადება ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინეს, რომელიც ადამიანს მოძრაობის უნარს უკარგავს და მას სრულიად უმწეოს ხდის. მან მეტყველების უნარიც დაკარგა და ტექნოლოგიების დახმარებით გადმოსცემდა სათქმელს.

