ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვანო მერაბიშვილის მიერ ნაჩუქარი საათი, რომელმაც ტატუნაშვილის სიცოცხლე შეიწირა

კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „მეტრონომთან“ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობს. არეშიძე გავრცელებულ ვერსიას, რომ ტატუნაშვილი შესაძლოა, სასტიკად იყოს ნაცემი არ გამორიცხავს. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთში საუბრობენ იმაზეც, რომ მას რამდენიმე ათეული ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი სცემდა.

კონფლიქტოლოგი იმ გავრცელებულ ინფორმაციასაც დასაშვებად მიიჩნევს, რომ ტატუნაშვილს ადრე საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საათი აჩუქა და მის მიმართ ე.წ. ოსეთის ხელისუფლებამ ამის გამო შური იძია. სხვათაშორის, მსგავსი ინფორმაცია გაჟღერდა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერშიც, სადაც ითქვა, რომ ტატუნაშვილი ვანო მერაბიშვილის მიერ ნაჩუქარ საათს შეეწირა, რომელიც ექს-მინისტრმა მას თავდადებისთვის აჩუქა.

არეშიძე ამბობს, რომ ტატუნაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო იყო, რომელიც თავის დაკისრებულ მოვალეობებს პროფესიონალურად ასრულებდა და გასაკვირი არ იქნება, რომ ის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დასაჩუქრებული ყოფილიყო. კონფლიქტოლოგი აცხადებს, რომ ტატუნაშვილს ადგილობრივები კარგად იცნობდნენ და მათ ამის შესახებ ინფორმაციაც ექნებოდათ.

„არ არის გამორიცხული, რომ ტატუნაშვილისთვის როგორც გამორჩეულ სამხედრო პირისთვის საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს  ვანო მერაბიშვილს საჩუქარი გადაეცა. ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა გამორიცხული არაფერია. როგორც ვიცი, მერაბიშვილს ძალიან უყვარდა მსგავსი საჩუქრების გაკეთება. არც ის არის გამორიცხული, რომ ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამსახურს ეს სცოდნოდა და მისთვის ამის გამო პრობლემები შეექმნათ მისთვის. მას ისინი კარგად იცნობდნენ და ამის გაგება არ გაუჭირდებოდათ. ფაქტი ერთია, რომ ტატუნაშვილი სასტიკად არის ნაცემი და შემოაკვდათ“, – აცხადებს არეშიძე „მეტრონომთან“.

ცნობისთვის,  არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მასთან ერთად გაიტაცეს ტატუნაშვილის ორი თანასოფლელიც, რომელიც კვირას გაათავისუფლეს და ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. ტატუნაშვილის ოჯახი მისი ცხედარის გადმოსვენებას 2 კვირაზე მეტია უშედეგოდ ელის.

 

იტვირთბა....