თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის.
კანონმდებლობის მიხედვით, საჯარიმო თანხას რომელიმე მხარე იხდის იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება უსაფუძვლოდ წყდება, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ მომხდარა – განმარტა ირაკლი ხმალაძემ.
“კომპანიამ ხელშეკრულებით დაკისრული პირობები დაარღვია, ასევე საზოგადოებრივი ინტერესები და უფლებები შელახა, სწორედ აქედან გადმომინარე, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვიტლება. არ გვაქვს იმის დრო, კომპანიას ვასწავლოთ, რომ მოქალაქეების წინაშე დაკისრულ ვალდებულებებს შესრულება სჭირდება. კომპანიას, რომელსაც არ ესმის, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევით მოქალაქეების უფლებები ირღვევა, ჩვენ მასთან საქმე არ გვაქვს,”- განმარტავს ირაკლი ხმალაძე.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, კომპანიამ არ შეასრულა ერთადერთი პირობა, რაც საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობდა, მათ შორის საპარკინგე ზოლების დახაზვა, საპარკინგე ნიშნების დაყენება და შშმ პირებისთვის საპარკინგე სივრცის მოწყობა.
მისივე თქმით, თავად “სითი პარკს”, შესაძლოა, დაეკისროს გარკვეული პასუხისმგებლობა 1,5 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა, ამასთან დაკავშირებით დამატებითი სამართლებრივი პროცედურებია გასატარებელი, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყება.
როგორც ირაკლი ხმალაძე განმარტავს, მერიის გადაწყვეტილებას გავლენა არ ექნება უკვე გამოწერილ ჯარიმებზე
“ჯარიმების გადახდა მოუწევთ, იმათ ვისაც ის დაკისრებული ჰქონდა, თუ ეს ჯარიმა არასამართლიანად არ არის გამოწერილი , რასაც სამწუხაროდ, ხშირად ჰქონდა ადგილი ამ კომპანიის მხრიდან,” – აღნიშნავს მერის მოადგილე.
მისივე თქმით, ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის 31 დეკემბერს გადიოდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ “სითი პარკი” აღნიშნული გადაწყვეტილების გამო სასამართლოში იჩივლებს, მერია დარწმუნებულია, რომ დავა ცუდად არ დასრულდება.
ხმალაძის თქმით, კომაპნიის შემოსავლების 40% მერიას ეძლეოდა, დანარჩენს კი “სითი პარკი” იტოვებდა. მერის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ დარწმუნებით არ იცის, რა ბედი ელით კომაპნიის ამჟამინდელ თანამშრომლებს, თუმცა, აქვე დასძინა, რომ ახალი საპარკინგე სისტემაში ქალაქს გამოცდილი თანამშრომლები დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ 13 მარტის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ “სითი პარკთან” ხელშეკრულება მიმდინარე წლის 10 აპრილიდან გაწყდება.