საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და “მწვანეთა პარტიის” თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ დენდროლოგიური პარკის პროექტი არის უნიკალური და კომპანია, რომელიც ხეებს ჩეხავს ვალდებულია იმ ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოები ჩაატაროს.
გაჩეჩილაძის განცხადებით, სოფელ კვირიკეში მოჭრილი ხეები მალემზარდია და საქართველოს ბიომრავალფეროვნების შემადგენელი ნაწილი არაა.
“დენდროლოგიური პარკის პროექტი არის უნიკალური. ბიომრავალფეროვნების მუზეუმი იქმნება. გარდა იმისა, რომ ტურისტული თვალსაზრისით გაამართლებს, არამედ ჩვენი მოქალაქეებიც ნახავენ თუ რამხელა ბიომრავალფეროვნება არსებობს დედამიწაზე.
ხეების გადატანის პროცესის დაწყებისას მთვარი პრობლემა იყო ტერიტორიები, საიდანაც ხეების ამოღება ხდება. როდესაც ასეთი რამ ხდება, ნიადაგის დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, სამუშაოების ჩამტარებელი კომპანია ვალდებულია, აღდგენითი სამუშაოები ჩატაროს.
რაც შეეხება ქობულეთის რაიონ სოფელ კვირიკეში ხეების გადატანას. იქ მოჭრილი ხეები არ არის აბორიგენი ჯიშები და არ არის საქართველოს ბიომრავალფეროვნების შემადგენელი ნაწილი. ეს არის ძალიან მზარდი ჯიშის ხეები და შეუძლია, რამდენიმე წელლიწადში დიდ სიმაღლეს მიაღწიოს. ეს არის იაპონური ჯიშები, იაფასიანი ხეებია.
ეს ხეები კერძო საკუთრებაშია და საქართველოს კანონმდებლობით, არავის აქვს უფლება ვინმემ მათი მოჭრა დაგიშალოთ. ერთადერთი უნდა მიმართოთ გამგეობას და ის მოვა და დააკვირდება იჭრება თუ არა მითითებული ხეები. ფირმამ, რომელმაც კვირიკეში ხეები მოჭრა სწორად არ იქცევა. მიზანი კარგია, მაგრამ შემსრულებლები სწორად ვერ იქცევიან”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სოფელ კვირიკეში მცხოვრები რეზო ხარაზი სოციალურ ქსელში გაჩეხილი ხეების ფოტოებს აქვეყნებს.
მისი განცხადებით, ხეებს ევკალიპტის გადატანის გამო ჩეხავენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.
გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” ხარაზმა წარმოადგინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული წერილი, სადაც, მისი თქმით, წერია, რომ „არავითარი დენდროლოგიური პარკი არც განიხილება და არც კეთდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“
მისი თქმით, ყოფილ პრემიერს ხეები მხოლოდ საკუთარი ინტერესისთვის გადააქვს.
„ხალხი შეჰყავს შეცდომაში, ხალხს ატყუებს. ძალიან ბევრ ადმიანს სჯერა, თითქოს ეს კაცი სიკეთეს აკეთებს, მაგრამ სამწუხაროდ, გვერდით რჩება ის პროექტები, რომელიც მან დააანოსა,“ – განაცხადა რეზო ხარაზმა.
ამავე გადაცემაში ხარაზის ამ განცხადებას უპასუხა ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი უძილაურმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობს.
ავტორი: ბესო კუნელაური