უნგრეთის ოპოზიციური პარტიის „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მაგიარმა რუსეთი ქვეყნის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.
როგორც მაგიარი სოციალურ ქსელში წერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იანოშ კადარის შემდეგ ვიქტორ ორბანი უნგრეთის მთავრობის პირველი მეთაურია, რომელმაც რუსები უნგრეთში მიიწვია.
„ჩვენ მოვითხოვთ უნგრეთის არჩევნებში უცხოური ჩარევის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. რამდენიმე წყაროს ცნობით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები რამდენიმე კვირის წინ ბუდაპეშტში ჩავიდნენ უნგრეთის არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით. იგივე გააკეთეს მოლდოვაშიც“, – განაცხადა მაგიარმა.
უნგრეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც კოლაფსის პირას მყოფი მთავრობა ცდილობს უნგრეთის არჩევნებზე გარე ჩარევით თავის სასარგებლოდ გავლენის მოხდენას“.
„მოვუწოდებ ვიქტორ ორბანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები და გააძევოს რუსი საიდუმლო აგენტები“, – წერს მაგიარი.
მისი თქმით, უნგრეთს სჭირდება ლიდერობა, რომელიც ქვეყანას არ დააყენებს რაიმე საფრთხის წინაშე, „იქნება ეს პუტინის თუ ზელენსკის მხრიდან“.
„უნგრეთის ინტერესებშია დარჩეს სტაბილური, პროგნოზირებადი პარტნიორი, რომელსაც მისი მოკავშირეები სანდოდ მიიჩნევენ“, – განაცხადა მაგიარმა.

