“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი განცხადებით რუსეთი ყოველგვარი სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, სწორედ ამიტომ, ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯი პრემიერის მხრიდან პოსტის დატოვებაა, –
მისი თქმით, რუსეთის საგარეო უწყების პასუხი კვირიკაშვილის განცხადებაზე, უკიდურესად ცინიკური და დამცინავია.
“განცხადების შემდეგ, როდესაც რუსეთის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპაციის თემა არ არსებობს, რომ ეს კონფლიქტები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგს ცდება, გაუგებარია რუსეთი რა სტატუსით აპირებს ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის გაგრძელებას – რუსეთი ჟენევაში წარმოდგენილი იქნება არა როგორც მხარე, რაც განსაზღვრულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თანახმად, არამედ, როგორც ერთ-ერთი შუამავალი სახელმწიფო, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები. გაუგებარია, დღეიდან როგორც აპირებს საქართველოს სახელწიფო განახორციელოს რუსეთზე ზეწოლა იმისთვის, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება შესრულდეს. გაურკვეველია, როგორც ვაპირებთ მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა საკუთარ თავზე აიღოს ძალის არ გამოყენების ვალდებულება, რაც დღემდე არ გაუკეთებია. საქართველოს პრემიერ- მინისტრმა საკუთარი განცხადებით რუსეთი ყოველგვარი სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. სწორედ ამიტომ, ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯი პრემიერის მხრიდან პოსტის დატოვება იქნებოდა. როდესაც სახელმწიფო პირი საკუთარი განცხადებით ასეთ დარტყმას აყენებს ქვეყნის ფუნდამენტურ სახელმწიფო ინტერესებს, ერთადერთი სწორი გამოსავალი თანამდებობის დატოვებაა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, ჩვენს წინაშეა არჩევანი, ერთი მხრივ, ურთიერთბრალდებები და მეორე მხრივ, გონივრული ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების მოსაგვარებლად. მისი თქმით, ქვეყანა მზად არის პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან. ასევე, მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის კონსტრუქციული მიდგომა.
„მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.
გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.
ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი – აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.
ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.
სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.
მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“, – ნათქვამია პრემიერის მიერ 9 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.