თბილისის საკრებულოს ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას “სითი პარკისთვის” ხელშეკრულების შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მტკივნეული და აუცილებელი ნაბიჯი.
“ზუსტად ამას ვამბობდი სამი დღის წინ. წინასაარჩევნოდ ვიძახდი, რომ “სითი პარკი” უნდა გაგვეგდო. მაშინ კალაძე ამბობდა, რომ ზოგიერთი პოპულისტის ნათქვამს ვერ ავყვებით, რადგან მერე 25 მილიონი გვექნება გადასახდელიო. ახლა რა გამოდის, რომელი პოპულისტის ნათქვამს აყვა? თუმცა, კარგი არის ეს, უნდა დამიჯეროს და იქნება ქალაქის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიღებული. ეს არის მტკივნეული და აუცილებელი ნაბიჯი და იმ ჯარიმის გადახდასაც ვერ ავცდებით თუ რაიმე ფარული გარიგება არ არსებობს.
2025 წლამდე “სითი პარკის” ქალაქში დარჩენა კატასტროფა იქნებოდა. ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოგვარდება ქალაქში პარკინგი თუ “სითი პარკი” იქნებოდა. ეს იყო ძალიან დაგვიანებული და აუცილებელი ნაბიჯი. თუმცა, “სითი პარკის” გაყვანით პარკინგის პრობლემა არ მოგვარდება და ამისთვის სერიოზული ნაბიჯები უნდა გატარდეს”, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის განცხადებით, მერია “სითი პარკთან” ხელშეკრულებას წყვეტს.