საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარტია “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის და მისი პარტია პრემიერის 9 მარტს გაკეთებულ განცხადებას მიესალმება და აქამდე რუსეთთან მიმართებაში, “ნაციონალურ მოძრაობას” მცდარი პოლიტიკა ქონდა.
“ჩვენი პარტია მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, 9 მარტს გაკეთებულ განცხადებას.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩამოაყალიბა, ჩვენი აზრით, მცდარი მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ერთადერთ გამართლებულ მოქმედებად მიიჩნეოდა აგრესიული რიტორიკით შეფუთული უმოქმედობა ან ავანტიურიზმი. არსებული მძიმე ვითარება მნიშვნელოვანწილად ამ „პოლიტიკის“ შედეგიცაა.
ვთვლით, რომ დღევანდელ მწვავე ვითარებაში გაკეთებული ამ განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა კონფლიქტებთან მიმართებით პრინციპულ საკითხებზე უკომპრომისო და აქტიური პოზიცია დააფიქსირა – მშვიდობიანი პოლიტიკის უალტერნატივობის ხაზგასმით და პირისპირ დიალოგისთვის მზაობით, მან კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა, რაც, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს პასუხისმგებლიან და რაციონალურ დამოკიდებულებას განამტკიცებს.
ჩვენი პარტია ასევე მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მოლაპარაკებების ეს ფორმატი ჩიხშია შესული და საჭიროებს ხელახალ გააზრებას. მოლაპარაკებებში პრემიერ-მინისტრის ჩართვა ახლებურ მნიშვნელობას შესძენს როგორც ჟენევის ფორმატს, ისე საქართველოში მშვიდობაზე დაფუძნებული განვითარების პროცესს. ამასთან, ეს არ გულისხმობს რუსეთთან მიმართებაში რაიმე ფორმით ჩვენი პოზიციების დათმობას და დეოკუპაციის გზაზე აქტიური მოქმედების შესუსტებას”, – წერს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხს გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა.
პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართა და აღიშნა, რომ საჭიროა ერთობლივი, სწორი ნაბიჯებით მიაღწიონ შეთანხმებას.
„მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.
გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.
ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი – აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.
ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.
სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.
მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.