ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის თაობაზე, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კონსულტაციების შედეგებთან დაკავშირებით განუცხადა, რომ ტექნიკური და სამართლებრივი საკითხი საჭიროებს პასუხის გაცემას, მათ შორის, ოპონენტების მხრიდან იმისთვის, რომ საბოლოო ვერსიაზე შევჯერდეთ.
„უახლოეს პერიოდში ჩვენ ველოდებით ცხედრის გადმოსვენებას საკუთარ ოჯახში. ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება დაჩქარდეს და ყველაფერი უმოკლეს დროში მოხერხდეს”, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე რეზოლუციის პროექტი არ გადის, რადგან კონსულტაციები გრძელდება.
“ჩვენ კონსულტაციებს ვაგრძელებთ. თქვენ იცით, რომ ეს კონსულტაციები წინა დღეების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. მათ შორის ტექნიკური და სამართლებრივი დეტალებია, რაც გადაწყვეტასა და პასუხის გაცემას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რამდენიმე დღე დაგვჭირდეს, რომ საბოლოო ვერსიაზე შევჯერდეთ. რეზოლუცია იქნება საკმაოდ მკაცრი, ასახავს რეალურ მიდგომებასა და პოლიტიკას ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს პარლამენტის, დეოკუპაციის პრაქტიკულ ამოცანებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ველოდებით მაქსიმუმ რამდენიმე დღეში”, – განაცხადა მდინარაძემ.