ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მალხაზ მაჩალიკაშვილი: “ჩვენ გამოვალთ ქუჩაში, დღე და ღამე გავმართავთ აქციებს”

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, გადაცემა “360 გრადუსში“  განაცხადა, რომ პანკისელები აქციების გამართვას გეგმავენ. დაანონსებული აქციების კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე არ სახელდება.

„ჩვენ გამოვალთ ქუჩაში, დღე და ღამე გავმართავთ აქციებს, პარალელურად კი აღნიშნულ საქმეს სტრასბურგში გავასაჩივრებთ. კონკრეტულ თარიღს ვერ ვამბობ, რადგან ბევრი საქართველოს ფარგლებს გარედანაც გვეუბნება, რომ მათაც სურთ აქციებში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ინგოროყვას კლინიკაში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 5 პირი.

იტვირთბა....