სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სანამ ქვეყანაში ძალიან დიდი რაოდენობის აბორტი კეთდება, ღმერთი ერს ბედნეირებას არ მისცემს.
“ჩვენ ხშირად გვესმის საუბარი აგრესიაზე, ძალადობაზე, ამას ვებრძვით, მაგრამ არც ერთი ე.წ. მებრძოლი ამის წინააღმდეგ არ ამბობს, რომ აბორტი ცუდია. აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი. რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე საუბრობთ, როცა წელიწადში 40 ათასი აბორტი კეთდება და ეს არაოფიციალურად? თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე. სულიერად რომ შევხედოთ, ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი. სანამ ეს არ გამოსწორდება, ჩემი აზრით, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაფერი გამოსწორდება იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს ბავშვებს ვკლავთ ათობით და ასობით ათასს და ამას არ ვუწოდებთ აგრესიას, ვიცავთ ქალის უფლებას, ბავშვის უფლებას, მაგრამ არ ვიცავთ ბავშვის უფლებას რომ დაიბადოს, ამაზე ხმას არავინ იღებს. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი? კითხვა იბადება – ვის აწყობს ეს? იქ, როგორც ჩანს, ფული კეთდება და დიდი პარადიგმაა, მსოფლიო მიმართულებაა, რომ ამაზე არ იფიქრო, გვეუბნებიან, რომ ეს არ არის აგრესია, ამაზე არ გაბედო თქმა იმიტომ, რომ ქალის უფლებაა, დაკუწოს საკუთარი შვილი დანით“, – აღნიშნა შეხვედრისას მეუფე შიომ.
ცნობისთვის, პატრიარქმა და მეუფე შიომ ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიის საკითხებზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრა გამართეს.