“შეწყდეს კანონიერი ძარცვა”, “არა სითი პარკის ჩასაფრებით ჯარიმებს”, ამ სლოგანებით მოქალაქეებმა “სითი პარკის” სათაო ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორის, საოპერო მომღერლის, თამარ ივერის განცხადებით, მას თავადაც ქონდა ინციდენტი “სითი პარკთან”, როდესაც ბანკში დედამისის პენსიის გამო იყო შესული და გარეთ გამოსულს მანქანა არ დახვდა.
“5 წუთი ვიყავი შესული. გამოვედი და მანქანა აღარ დამხვდა. ცუდად გავხდი, სანამ გავარკვიე ყველაფერი ჩემი პროფესიული დღე ჩაიშალა. მანქანა მეორე სახლია და იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანების დიაბეტის წამლები ქონიათ მანქანაში და სატრანსპორტო საშუალება გადაუყვანიათ საჯარიმო სადგომზე. ვიცი, რომ წახალისებაც აქვთ ბევრი მანქანის მიყვანაზე. იმედია, ამ აქციას მოყვება რაიმე რეაგირება თუ არა და გაჩერებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას ივერმა.
აქციის მონაწილეები კომპანიის საქართველოდან გაყვანას ითხოვენ. ისინი იმ შემთხვევასაც იხსენებენ, როდესაც საჯარიმო სადგომზე მანქანის გადაყვანისას, სატრანსპორტო საშუალებაში მცირეწლოვანი ბავშვი იყო, რომელიც ვერ შეამჩნიეს.
“ზოგადად, სითი პარკის” არსებობას, პარკინგის ინფრასტრუქტურის არარსებობასა და კომპანიის მიერ მანქანების გატაცებას ვაპროტესტებთ. ჯერ პარკინგის სისტემა მოაწესრიგონ და ხალხი მერე დააჯარიმონ. ხალხს ანგარიშებს უყადაღებენ და მანქანებს უსამართლო იტაცებენ”, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარიამ კუკუნაშვილი.
“სითი პარკის” წარმომადგენლის განცხადებით, კი კომპანია კანონის ფარგლებში მოქმედებს.
“კომპანია წესების სრული დაცვით მოქმედებს. აქ არის მოთხოვნები, რომ მძღოლს დრო უნდა ქონდეს მანქანის გაყვანისთვის, მას უნდა მიუვიდეს სმს და ა.შ. თუმცა, აქვე ისმის მეორე მოთხოვნაც, რომ არ უნდა მოხდეს დაყადაღება. სინამდვილეში პროცედურა შემდეგნაირია საურავი ავტომობილის მფლობელს მას შემდეგ ეკისრება, რაც ინფორმაცია მიუვა მას ჯარიმის შესახებ და 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის.
რაც შეეხება მანქანების გადაყვანას. ეს წესების სრული დაცვით ხდება. “სითი პარკი” ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
რაც შეეხება ბავშვის შემთხვევას, ის რამდენიმე წლის წინ მოხდა და ავტომანქანის ფანჯრები დაბურული იყო”, – აცხადებს “სითი პარკის” წარმომადგენელი.
“მეტრონომი” აქციიდან