ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქცია ცხინვალში: მონაწილეები მოითხოვენ, ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს არ გადასცენ(ფოტო)

Sputnik-Ossetia-ს ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია მოაწყეს. ისინი ითხოვენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს არ გადმოსცენ.

აქციაზე იმყოფებოდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც 1989 წლიდან 2008 წლამდე საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ფოტოები ეჭირათ. ასევე, ტრანსფარანტები წარწერით: „საქართველო, დაგვიბრუნე ჩვენი შვილების ცხედრები“, „ევროკავშირო, არ დაუჭირო მხარი საქართველოს მიერ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ტერორს“, „საქართველო პასუხისმგებელია უგზო-უკვლოდ დაკარგულ 145 ოსზე“.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”

იტვირთბა....